საოპერაციო საქმიანობა COVID-19-ის გამოწვევები

მიმდინარე პერიოდში, ქვეყანაში გატარებულმა ქმედებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა მომხმარებლების ხელმისაწვდომობა პროდუქციაზე, მოსალოდნელმა კრიზისულმა მდგომარეობამ, კომპანიებისთვის საჭირო გახადა მომხმარებლების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ახალი გზების ძიება. 
წარმატებული საოპერაციო საქმიანობისთვის კომპანიის ნებისმიერი ქმედება უნდა მოიცავდეს სამიდან მინიმუმ ერთს:
  • ინვესტიციაზე მიღებული მოგების ზრდა
  • გაყიდვების ზრდა
  • ხარჯების შემცირება
ინვესტიციაზე მიღებული მოგების ზრდა გულისხმობს არსებული აქტივებით მეტი მოგების გამომუშავებას (გაყიდვების ზრდით ან ხარჯების შემცირებით), ან არსებული აქტივების შემცირებას. 
მიმდინარე პერიოდში გაყიდვების ზრდაზე ფიქრი კომპანიების უმრავლესობისთვის არარელევანტურია (მცირე გამონაკლისების გარდა), თუმცა შესაძლებელია მიწოდების ჯაჭვის დიფერენცირება და მომხმარებლების მოთხოვნის დაკმაყოფილების ახალი გზების ძიება, მაგალითად, ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, რაც შეამცირებს დაკარგული მომხმარებლების რაოდენობას. დიფერენცირებული მიწოდების ჯაჭვი ხანგრძლივ პერიოდშიც ხელშემწყობი ფაქტორია საოპერაციო საქმიანობისთვის და კომპანიებს აძლევს საშუალებას, მიმდინარე პერიოდის გამოწვევების დაძლევის შემდგომ მოიზიდონ დამატებითი მომხმარებლები.
გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე პერიოდში კომპანიებს დაეზოგათ ისეთი საოპერაციო დანახარჯები როგორიცაა, კომუნალური გადასახადები, საოფისე მარაგები და ა.შ. თუმცა, საჭირო ხდება ხარჯების კიდევ უფრო მეტად შემცირება. კომპანიები კრიზისულ სიტუაციაში წარმატებით იყენებენ ეგრედწოდებულ ნულოვანი ბიუჯეტის მიდგომას, კერძოდ, ნულიდან იწყებენ სრული საოპერაციო საქმიანობის შემადგენელი პროცესების გადახედვას და თითოეულ ოპერაციაში აფასებენ ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ დაფარული ხარჯების გამოვლენაში, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კომპანიები ხშირად მხოლოდ ერთ მომწოდებელზე არიან დამოკიდებულნი. რაც დიდი რისკია იმ მხრივ, რომ შესაძლებელია ვერ მივიღოთ საჭირო რაოდენობის რესურსები. სამომავლოდ, საქართველოში ოპერირებად კომპანიებს, შესაძლებელია, მოუწიოთ უცხოელი მომწოდებლების ადგილობრივებით ჩანაცვლება, მომწოდებლების დივერსიფიკაცია არის  ერთერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის გადადგმაზეც თითოეულმა კომპანიამ უნდა იზრუნოს.
კრიზისის პერიოდში, ბაზარზე არსებული პროდუქტების უმრავლესობაზე საერთო მოთხოვნა მცირდება, ძირითადი საშუალებები უფასურდება, რაც გამოწვეულია მათი დაბალი ანაზღაურებადი ღირებულებით. თვის მხრივ, ანაზღაურებადი ღირებულების შემცირება გამოწვეულია მოსალოდნელი აქტივის გამოყენების ღირებულებისა და რეალური ღირებულების შემცირებით. გაუფასურებული აქტივები თავის მხრივ ცვლიან კომპანიების ღირებულებას. მიმდინარე პერიოდში საოპერაციო საქმიანობის შენარჩუნებისთვის უმჯობესია:

  • შევაფასოთ აქტივები, და გავყიდოთ ის აქტივები, რომლებიც მომავალში დაბალ ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს. (შემდგომ შესაძლებელია ამ აქტივების ლიზინგით დაბრუნება).
  • დავაწესოთ ფასდათმობა ადრე მიღებულ დებიტორულ დავალიანებაზე.
  
აღნიშნული ნაბიჯები დაგვეხმარება საოპერაციო საქმიანობის შენარჩუნებასა და ლიკვიდურობის გაზრდაში, რაც უმთავრესი გამოწვევაა პანდემიის პირობებში.