პლატფორმები დისტანციური მუშაობისთვის

კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ბევრი ქართული კომპანია გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. ამან კი, ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა როგორც დამსაქმებლები, ასევე დასაქმებულები. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ კომუნიკაცია თანამედროვე ოფისის თანამშრომლებისთვის სიახლე არ არის, საქმიანი ურთიერთობების მთლიანად ვირტუალურ სივრცეში გადანაცვლება, შეიძლება, მაინც განსხვავებული გამოცდილება იყოს ბევრი ჩვენგანისთვის. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ სხვადასხვა აპლიკაცია თუ ონლაინ პლატფორმა, რომელიც გაგიადვილებთ გუნდის წევრებთან და კლიენტებთან კომუნიკაციას, ინფორმაციის გაცვლას და თქვენს პროდუქტიულობასაც შეუწყობს ხელს. 
 
შეხვედრებისთვის
Hangouts Meet - Google-ის ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც სიმარტივით გამოირჩევა და განსაკუთრებით პრაქტიკულია იმ პირობებში, თუ თქვენი გუნდი Google-ის ბევრ სხვა პროდუქტს იყენებს. ეს აპლიკაცია ონლაინშეხვედრების ჩატარების საშუალებას გაძლებთ. შეხვედრების მიმდინარეობის დროს სხვა ფუნქციებთან ერთად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ საკუთარი ეკრანის გაზიარება, საერთო ჩატი. Hangouts Meet სრულად არის ინტეგრირებული Gmail-თან, კალენდართან და Google-ის სხვა პროდუქტებთან. 
კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე, 2020 წლის 1 ივლისის ჩათვლით G Suite-ის მომხმარებლებს Hangout Meet-ის პრემიუმ პაკეტის უფასოდ გამოყენება შეუძლიათ, რაც საშუალებას მოგცემთ, დააორგანიზოთ და ჩაიწეროთ შეხვედრები 250-მდე მომხმარებლის მონაწილეობით, ისარგებლოთ ლაივსტრიმით და ა.შ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://bit.ly/GSuiteCovid19
 
Zoom - ონლაინშეხვედრებისა და ვებინარების ჩასატარებად საუკეთესო არჩევანია, რომელიც კომუნიკაციას გაგიადვილებთ, როგორც თქვენს თანამშრომლებთან, ასევე კლიენტებთან. მისი მეშვეობით შეგიძლიათ, გამართოთ და ჩაიწეროთ შეხვედრები ან ვიდეოკონფერენციები, მიმდინარეობის დროს გქონდეთ კომუნიკაცია ჩატის მეშვეობით, გაუზიაროთ თქვენი ეკრანი შეხვედრის მონაწილეებს. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც კომპიუტერით, ასევე სმარტფონებითაც. შესაძლებელია Zoom-ის ინტეგრირება კალენდართან და სხვა პრაქტიკულ აპლიკაციებთანაც. 
 
გუნდისკომუნიკაციისთვის
Slack - ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაციაა გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციისა და კოლაბორაციის ხელშესაწყობად. ის შეიძლება გამოიყენოთ მთელი თქვენი შიდა კომუნიკაციის ცენტრალიზებულად სამართავად. Slack საშუალებას გაძლევთ, აპლიკაციაში თქვენი გუნდის წევრები პროექტების/მიმდინარე საკითხების მიხედვით სხვადასხვა “არხებზე” დაამატოთ, აპლიკაციაშივე მართოთ პროექტებთან დაკავშირებული დავალებები და ვადები, წაახალისოთ „ბრეინსტორმინგი“ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, გააზიაროთ დოკუმენტები და ა.შ.
Slack-ის ინტეგრაცია, თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ბევრ სხვა პრაქტიკულ აპლიკაციასთან, მაგალითად, Zoom, Google Drive, Google Calendar და ა.შ.
 
Facebook Workplace - Slack-ის მსგავსად Facebook Workplace გუნდის საკომუნიკაციო, ერთგვარი უნიფიცირებული პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლებთ, მთლიან კომუნიკაციას ერთ ადგილას მოუყაროთ თავი. მისი მეშვეობით შესაძლებელია, როგორც პროექტების გუნდების სამუშაო და საკომუნიკაციო „სივრცეების“ შექმნა, ასევე ინდივიდუალური ჩატის გამოყენება, საერთო სიახლეების დაპოსტვა, Live რეჟიმში ჩართვა თანამშრომლებთან, ვიდეოშეხვედრების ორგანიზება და ა.შ. 
 
პროექტებისსამართავად
Trello - ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული პლატფორმაა პროექტების სამართავად და, ზოგადად, პირადი თუ გუნდის პროდუქტიულობის ასამაღლებლად. ის საშუალებას გაძლევთ, პროექტების მიხედვით გაწეროთ შესასრულებელი სამუშაოები, მიუჩინოთ თითოეულ დავალებას პასუხისმგებელი პირი და ვადები, ჩაინიშნოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეხვედრებიდან და დაინახოთ თქვენი პროექტების მიმდინარეობის ერთიანი სურათი.
 
Notion - პროექტებისა და გუნდის სამართავი ერთიანი სისტემაა, რომელიც საშუალებას გაძლებთ, დაგეგმოთ და მართოთ პროექტის ეტაპები, შეინახოთ პროექტებისთვის რელევანტური ინფორმაცია, ხელი შეუწყოთ გუნდში კომუნიკაციასა და ინფორმაციის გაცვლას ზედმეტი ძალისხმევისა და დაუსრულებელი შეხვედრების გარეშე. 
 
ფაილებისგასაზიარებლად
Google Drive - ბევრ სხვა პრაქტიკულ და გამოსადეგ ფუნქციასთან ერთად, Google Drive დოკუმენტების ერთობლივად შექმნისა და გაზიარების საშუალებას გაძლევთ. ის საუკეთესო გამოსავალია, თუ თქვენი გუნდის წევრებს ერთად უწევთ სხვადასხვა საერთო ფაილზე მუშაობა. 
 
Dropbox - ამ პლატფორმის მეშვეობით შეგიძლიათ ერთ სივრცეში შეინახოთ თქვენი დოკუმენტები, გაუზიაროთ ისინი სხვა ადამიანებს და გქონდეთ ფაილებზე წვდომა სხვა მოწყობილობებიდანაც. 
 
დისტანციურად მუშაობის ხელშესაწყობად, ან, ზოგადად, კომპანიაში შიდა კომუნიკაციის მოსაწესრიგებლად ბევრი აპლიკაცია თუ პროგრამა არსებობს. ზემოთ მოცემული აპლიკაციების საბაზისო ფუნქციების გამოყენება უფასოდაცაა შესაძლებელია. საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელია თქვენთვის ოპტიმალურ ფასიანი პაკეტი, გუნდის ზომის, ბიუჯეტის, საქმიანობის სპეციფიკისა და ზუსტი საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მიიღოთ.
 
ამ ყველაფერთან ერთად, გახსოვდეთ, დისტანციური მუშაობის დროს აუცილებელია მიჰყვეთ უსაფრთხოების შესაბამის წესებს, რაც დისტანციური მუშაობის დაწყებამდე უნდა გქონდეთ შემუშავებული სპეციალისტებთან ერთად, რათა თავიდან აიცილოთ რამე კიბერშეტევა, სხვადასხვა ვირუსისგან თქვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაზიანება ან დაკარგვა.